პასუხი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ულტიმატუმზე – რა განცხადებები გაკეთდა საოკუპაციო ზოლთან (ვიდეო)
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული ბლოკპოსტის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ, ოფიციალურმა თბილისმა განცხადებებით სწორედ ჩორჩანას საგუშაგოდან უპასუხა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტომდე და მას შემდეგაც, სოფელი ჩორჩანა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული და დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი ცინიზმად შეაფასა. კახა ქემოკლიძემ სიტუაციის დესტაბილიზაცია გამორიცხა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს კონსტრუქციული ქმედებებისა და დიალოგისკენ მოუწოდა.
საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომლის განცხადებითაც, სოფელ ჩორჩანაში სიტუაცია კონტროლირებადია. მისივე თქმით, ქართული მხარე დაასრულებს ბლოკსპოსტი მშენებლობას. ამასთან დარსალიამ განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებულია და მათი ჩართვა მნიშვნელოვანია, რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს სიტუაციის განმუხტვა.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს შეხვედრა და ქართულ მხარეს ულტიმატი წაუყენეს – 30 აგვისტოს 06:00 საათამდე ჩორჩანას ბლოკპოსტი მოწყობის შეჩერების შესახებ.