ხელისუფლების წარმომადგენლები ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდნენ

სამთავრობო გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს.  შეხვედრა ამჯერად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე, იმერეთის გუბერნატორთან, ზვიად შალამბერიძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, სოფლებში ზვარე, ვარძია და ვერტყვიჭალაში ჩავიდა.

„შეხვედრაზე გიორგი ვაშაკიძემ მოსახლეობას განათლების სფეროში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების ზრდასთან, სკოლების ინტერნეტიზაციასთან, სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დაფინანსებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სასკოლო ინფრასტრუქტურისთვის 410 000 ლარი გამოეყო, რომელიც ათ სკოლაზე გადანაწილდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკვე ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაწყებულია 150 ბავშვზე გათვლილი კიცხის საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობა (ღირებულება 2 470 043 ლარი). ყველა სკოლას, სადაც ამის საჭიროებაა ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი.

რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი ჯერ კიდევ არსებული პრობლემების გაცნობა და მათი მთავრობის მიერ 2020 წლისთვის გადასაჭრელ საკითხთა ნუსხაში ასახვაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები