თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტზე 12 თებერვალს იმსჯელებს

    დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტზე თბილისის საკრებულო 12 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ განცხადება დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა გააკეთა. “მოვუწოდებ ყველა კომისიის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს, შემჭიდროვებულ ვადებში, მეტი თანამშრომლობით მივიღოთ სრულყოფილი ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც შეიძლება ვიმსჯელოთ რიგგარეშე სხდომაზე”, – განაცხადა შიხიაშვილმა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს ასევე, 13:00 საათზე ბიუროს გაფართოებული სხდომა დანიშნა. “ვიწვევ ბიუროს გაფართოებულ სხდომას, რათა დავიწყოთ ფიქრი შექმნილი არაორდინალური ვითარების განმუხტვის გზებზე, ვინაიდან მხოლოდ კომპრომისების და კონსენსუსის ფორმით შევძლებთ ქალაქში სტაბილური გარემოს შექმნას. თუ ოპონენტებს ამის სურვილი გააჩნიათ, მზად ვართ, დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები, რათა დისკომფორტი აღარ შეექმნათ თბილისელებს”, – აღნიშნა შიხიაშვილმა. დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები