სახალხო დღესასწაულ “შუამთობას” საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ

“შუამთობის” საზეიმო დღესასწაულს ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე, ადგილობრივი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიება წელს განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. ქართველ სტუმრებთან ერთად უცხოელი ტურისტების სიმრავლეც შეინიშნებოდა.
“შუამთობაში” მონაწილეობა ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს. ღონისძიებაზე საპატიო ხულოელები დააჯილდოეს; სპორტული შეჯიბრებები- მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და დოღში გაიმართა; ახლადდაქორწინებულ წყვილებს კი დაოჯახება ხელმძღვანელმა პირებმა ტრადიციულად მიულოცეს.
საზეიმო კონცერტის დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები ღონისძიებაზე დამსწრეებს შეხვდნენ და ადგილობრივების მიერ სპეციალურად მოწყობილ „ფაცხებში“ ტრადიციული კერძები დააგემოვნეს.
“შუამთობა” უძველესი სახალხო დღესასწაულია. ღონისძიება არა მხოლოდ მთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, ტრადიციულად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება”, – აღნიშნულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები