შიდა ქართლში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალი სრულად არის დათვლილი.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ნელი მეკოკიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერა.
სოფელ კარბის მკვიდრს, ნელი მეკოკიშვილს სეტყვის შედეგად, მოსავლის 100% გაუნადგურდა. სადაზღვეო კომპანია „ალფა“ აღნიშნულ ბენეფიციარს 90,000 ლარს აუნაზღაურებს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 3000 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.
2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 13,578 პოლისი. პროგრამაში ჩართულია 8,293 ბენეფიციარი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 5,599,191 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 12,919 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 110,623,704 ლარია.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.