ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრების პირველი ნაწილი გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას დაეთმო. მეორე ნაწილში ყურადღება ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა.
შეხვედრის მსვლელობისას, მონაწილეებმა, ექსპერტების დახმარებით, ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა, მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.
შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს, გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს.
შეხვედრების მონაწილეებს საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები – “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი” დაურიგდათ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.