ქუთაისში 10 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს. დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის ხუთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ხორციელდება ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და გუგუნავას 1.9 კმ-იან ქუჩებზე. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 9 474 400 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – ირაკლი ქარსელაძე და ქუთაისის მერი – გიორგი ჭიღვარია ადგილზე გაეცნენ.
„მიმდინარე წელსვე სამუშაოების დაწყება დაგეგმილია დამატებით 5 ქუჩაზე: აღამაშენებლის 3 კმ-იან, წერეთლის 2.8 კმ-იან, თავისუფლების 1.5 კმ-იან, საიათნოვას 0.3 კმ-იან და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე. დაგეგმილი პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 18 მილიონი ლარია. ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ“, – აცხადებენ დეპარტამენტში.