ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, „თუშეთობა“ აღარ გაიმართება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო, „თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა“ აღარ გაიმართება. ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“3 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, დაგეგმილი იყო თუშეთის სოფელ ომალოში ტრადიციული ღონისძიების – “თუში მეცხვარის დღის – თუშეთობის ” ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, ღონისძიება აღარ ჩატარდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს, გარდაცვლილთა ოჯახებს!”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა. სამაშველო ოპერაციისას, მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.