დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ დარბაზში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელში მოძველებული სასმელი წყლის ქსელის განახლება მიმდინარეობს. დარბაზში შიდა გზების მოწყობის სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია. გაკეთებულია გზის გვერდითა სანიაღვრეები. ასფალტის საფარის დაგების მიზნით კი შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება.
დავით შერაზადიშვილი სოფელ ბერთაკარსაც ეწვია და იქ მიმდინარე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მოინახულა. პროექტი სრულად აგვისტოში დასრულდება.
სოფელ სენებში კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა რეაბილიტირებული გზები დაათვალიერა. სოფელში არსებული შიდა გზა მოიხრეშა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული ხევში ჩასასვლელი გზის პრობლემაც მოუგვარდა.
დავით შერაზადიშვილი სოფელ იწრიასაც ესტუმრა, სადაც ბოგირამდე მისასვლელი, ღვარცოფისგან დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია მოხდა.
„რამდენიმე სოფელს ვესტუმრე და იქ მიმდინარე და უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვინახულე. ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გზებისა და სასმელი წყლის პრობლემები უგვარდება, რაც ძალიან მახარებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და მომავალში ჩვენ ამ მხრივ, კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ვგეგმავთ“ , – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.