სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეულ საფრთხეებსა და მიყენებულ ზიანზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს, რადგან, გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებსა და ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას, დროთა განმავლობაში იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებასა და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას.
„ნარჩენების დაწვის მავნე პრაქტიკამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინტენსიური ხასიათი მიიღო, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. ჩვენ უნდა გავითავისოთ პრობლემის სიმწვავე და ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ ასეთ ვანდალიზმს. საწყის ეტაპზე, პრევენციის მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურებია და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ მონიტორინგს. პარალელურად, დაიწყება მუშაობა საჯარიმო ტარიფის კორექტირების საკითხზე, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პრობლემის დაძლევაში“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად ქარსაფარი ზოლების განადგურებით გამოწვეულ საფრთხეებს, რაც ნიადაგში ქარისმიერ ეროზიას, მიკროკლიმატის შეცვლას, ჰაბიტატების განადგურებას, ბიომრავალფეროვნების დეგრადაციასა და ჟანგბადის შემცირებას იწვევს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლი განადგურებულია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ასევე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC), გერმანიის საერთაშირისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები