ხულოში ლიტერატურული კონკურსი – „პეგასი” გაიმართება

ხულოში ლიტერატურული კონკურსი – „პეგასი” გაიმართება. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები წარმოადგენენ ადგილზე შექმნილ ნაწარმოებებს პროზასა და პოეზიაში.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდიან აცნობეს, პირველი ტური დაგეგმილია 26 ივლისს. ღონისძიების ფარგლებში კონკურსის მონაწილეები გაივლიან ხულო-თაგო-სხალთის საფეხმალო ბილიკს, სადაც მიღებულ შთაბეჭდილებებს გადაიტანენ ფურცელზე. შემდეგ უკვე შექმნილ ნაწარმოებებს სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში სპეციალურად მოწვეული ჟიური შეაფასებს. პირველ ტურში შეირჩევა 10 საუკეთესო ავტორი, რომელიც 30 ივლისს გაემგზავრება ხიხანის ციხეზე, სადაც გაიმართება კონკურსის მეორე ტური. მეორე ტურში კონკურსის მონაწილეები წინასწარშერჩეულ თემატიკაზე დაწერენ ნაწარმოებებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში 26 ივლისს 10 საათიდან 12 საათამდე.
პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა, ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში.
პროექტის მხარდამჭერები არიან ხულოს მუნიციპალიტეტის მერია და IRE PALACE GODERDZI.
პროექტის ორგანიზატორები – ნანა შაინიძე და რამაზ ხმალაძე.
აღნიშნული კონკურსი ტრადიციის სახეს მიიღებს და მომდევნო წლებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბითა და ახალი იდეებით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები