ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1.500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 960,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი დანაზოგია.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ, კასპის მერთან, მანუჩარ მერებაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
ფერმა თვეში საშუალოდ 50 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია, სახელმწიფოს მხარდაჭერით, გეგმავს ISO:22000-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღოს, ასევე, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, იგეგმება სასაკლაოსა და დაფასოების ხაზის დამატებაც, რაც “თელას” ბრენდით პროდუქტის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.