ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ

წალენჯიხის სოფლებში – ჯგალსა და ლიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოკვეთილი საკითხების მოგვარებისთვის, მათ მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მოსახლეობას  იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ამ შეხვედრებით, მოსახლეობისგან ღიად მოისმინოს საკითხები და შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგოთ, ამა თუ იმ სოფელში რა საკითხებია აქტუალური. პროცესში ჩართულია, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, რაც  უდავოდ პოზიტიურ შედეგს გამოიტანს“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე, ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.
„ამ ტიპის შეხვედრები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს ხელისუფლებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ​მოსახლეობასთან. შეხვედრების შედეგად, ჩვენ ვიგებთ საჭიროებებს უშუალოდ მოსახლეობისგან. თითოეულ საკითხზე რეაგირება იქნება მყისიერი ”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, მალხაზ თორიამ.

ჯგალსა და ობუჯში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყლისა და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები