ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თამარ მეფის 2.3 კმ-იან ქუჩაზე, რომლის ღირებულება 5 373 373 ლარია და კონსტანტინე გამსახურდიას 2.4 კმ-იან ქუჩაზე – პროექტის ღირებულება 4 744 444 ლარია აქტიურად მიმდინარეობს. ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. აღნიშნული ქუჩები მჭიდროდ დასახლებულია და ქალაქ ზუგდიდის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.
ზუგდიდში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დამატებით რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი: 2019 წელსვე დაიწყება ზუგდიდის თაბუკაშვილის ქუჩის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის, ჯანაშიას და ხელაიას ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთის, ზვიად გამსახურდიას ქუჩის 1.5 კმ-იანი მონაკვეთის, ლაზის ქუჩის 2 კმ-იანი მონაკვეთის, ჩიქობავას ქუჩის 1.65 კმ-იანი მონაკვეთის, ბარამიას ქუჩის 1.25 კმ-იანი მონაკვეთის და ქობულეთის ქუჩის 0,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ჯამში, ზუგდიდის 9 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 48.1 მლნ ლარია. ასევე, მიმდიანრეობს 1 ნაპირსამაგრი და 3 სტიქიის პრევენციის პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 3,4 მლნ. ლარია. 5 პროექტზე სატენდერო პროცედურებიც მიმდინარეობს რომელთა ჯამური ღირებულება 27.6 მლნ ლარია, ხოლო 19 პროექტზე, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება 45.9 მლნ. ლარია წლის განმავლობაში ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება.
2019 წლის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ 4 პროექტი დასრულდა, მათი ჯამური ღირებულება 17.5 მლნ. ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები