ქუთაისში, ე. წ საღორიის ტყის აღდგენის ღონისძიებების გაგრძელების მიზნით, ფართობების შესწავლა გრძელდება
ეროვნული სატყეო სააგენტო ქუთაისში, ე. წ საღორიის ტყის სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის ღონისძიებების გაგრძელების მიზნით, ფართობების შესწავლას აგრძელებს.
როგორც “კვირას” ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს, საველე შესწავლა დაგეგმილია 17 ჰა ფართობზე, თუმცა შესაძლებელია, საპროექტო ფართობი გაიზარდოს ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ე.წ საღორიის ტყის ტერიტორიაზე სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს. ფართობზე მუხნარი კორომის სანიტარული მდგომარეობა წლების განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი იყო. მუხის ხმობა მავნე მწერით – მუხის დიდი ხარაბუზით იყო გამოწვეული. ფართობზე სანიტარული ჭრები ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე წელს აპრილი-მაისის თვეში სანიტარული ჭრის წესით ხმელი და დაავადებული ხე-მცენარეების (535 კბ.მ) ჭრა განხორციელდა. მიმდებარე ფართობებზე დამატებით მონიშნულია სანიტარული ჭრის ტყეკაფები, საერთო მოცულობით – 970 კბ.მ, საიდანაც ამ ეტაპზე 665 კბ.მ მოჭრილია. აღსანიშნავია, რომ 2018 წ. საშემოდგომო სეზონზე ტერიტორიაზე დაირგო ქუთაისის სატყეოს ტერიტორიაზე არსებული ტყის დროებით სანერგეში გამოყვანილი 9500 ცალი მუხისა და იფნის ნერგი.