შვეიცარიის პრეზიდენტი: გახსოვდეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში მცხოვრებთა საჭიროებები
ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში შვეიცარია ვალდებულებას იღებს, მხარი დაგიჭიროთ წამოწყებაში, რასაც ჰქვია ორიენტირება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებსა და უფლებებზე , – ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერმა ერგნეთში განაცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობას გაეცნო. მისივე თქმით, მასზე ღრმა შთაბეჭდილება მაოხდინა საქართველოს მიერ ჩატარებულმა სამუშაომ, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ადგილზე.
“ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის წარმომადგენლებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პრაგმატული მუშაობისთვის. ეს შეხვედრა გახლავთ ჩემი, როგორც ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტის ნაწილი სამხრეთ კავკასიაში. ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მაოხდინა თქვენ მიერ ჩატარებულმა სამუშაომ, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ადგილზე. აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, თქვენ კარგ მაგალითს იძლევით იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა გამყოფი ხაზების გასწვრივ. უსაფრთხოების ჯგუფი ყოველთვიურად იკრიბება კარავში და ერთობლივად განიხილავს უსაფრთხოების საკითხებსა და ცდილობს კონფლიქტში დაზარალებულების ცხოვრების გაუმჯობესებას. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გახსოვდეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში მცხოვრებთა საჭიროებები და უფლებები. მე არასდროს დამავიწყდება კარავი, რომელიც აქ დღეს ვნახე”, – განაცხადა დიდიე ბურკჰალტერმა.
დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს გუშინ ეწვია. დიდიე ბურკჰალტერი დღეს თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას.