„მერაბიშვილი იტყუება, დაასახელოს მათი გვარები რომელ რუს მრჩევლებზეც საუბრობს!“
მუხროვანის ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული პირები ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ. გენერალ კობა კობალაძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი თავის მართლებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს.
“ეს ხომ ტყუილია. ყველა ამ ბრალდებას უარვყოფ. მერე სად არიან ეს რუსი მრჩევლებიო? ან რა რუსი მრჩევლები ან ვინ მოკლა, სად არის მათი გვამები. ჭკუაზე აღარ არის, შეიშალა მგონი ჭკუიდან. ეს უბრალოდ ტყუილია. უბრალოდ თავის გამართლება უნდა მაგ ადამიანს. შეიცვალა სიტუაცია და აეწვათ ყველაფერი. მსგავსი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ გამოძიებას შეუშალოს ხელი. ასევე ვფიქრობ და ვრჩები იმ აზრზე, რომ გუშინ გავრცელებულ ვიდეოში მე და გია კრიალაშვილს გვგულისხმობდა”, – განაცხადა ოთანაძემ.
მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა თუ ამდენი იცის, მაშინ რუსი მრჩევლების კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაასახელოს და თქვას, სად არის მათი გვამები.
“რომელი რუსის გვამებს ითხოვს, რა გვამებს ითხოვს. თუ ამდენი იცის, რომ ორი რუსი მრჩეველი იქნა მოკლული, კონკრეტული სახელები და გვარები თქვას მათი, კონკრეტულად სად იყვნენ ეს მრჩევლები და ვინ მოკლა. ვანო მერაბიშვილის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. იარაღი არ იყო გამოყენებულიო, ეს აუხსნას კრიალაშვილის, ამირიძის და ოთანაძის ოჯახებს და თვითონ ამ ბიჭებს. დაიწყება სასამართლო და სასამართლო დაადგენს ბრალეულობას”, – აღნიშნა კობალაძემ.
ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი დღეს სასამართლო პროცესზე გააკეთა.
მისი თქმით ის, ცამდე მართალია და არ რცხვენია.
„ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში მონაწილე ორი რუსი მრჩეველი ამბოხებაში მონაწილეობდა, კვალის დაფარვის მიზნით ისინი მოკლეს და სწორედ ამ ორ გვამს ვითხოვდი. მე ვიძლეოდი მათი პოვნის ბრძანებას. სწორედ მაშინ ვთქვი, მომიძებნეთ ის ორი გვამი. მაშინ 15 ადამიანი დააკავეს. ამ ამბის მიბმა ხელოვნურია სამი კვირის შემდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ოთანაძის დაკავებასთან”, – განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.