„საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ოლიმპიური თამაშების მასპინძლის მიერ“
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ დასავლელი ლიდერების სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხი შეაფასა. მისი თქმით, დასავლელმა ლიდერებმა პოზიცია ღიად უნდა დააფიქსირონ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოლიმპიური თამაშების მასპინძლის მიერ ოკუპირებულია.
“ჩემთვის აღმაშფოთებელია, რომ დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ არ წავლენ სოჭში, მაგრამ არ ახსენებენ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ოლიმპიური თამაშების მასპინძლის მიერ და რომ ოკუპირებული ტერიტორიები ოლიმპიადის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრშია,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრაიზას იმედი აქვს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები იქცევა შესაძლებლობად, სადაც ევროატლანტიკური ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ შეხედავენ საქართველოს კონფლიქტებს და ამის თაობაზე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ. “ვიმედოვნებ მხოლოდ ჟენევის ფორმატში არ დარჩება საკითხის განხილვა, რაც ძალიან მცირეა. ეს კი საბოლოოდ რუსეთისთვისაც იქნება კარგი, რადგან სანამ კონფლიქტები გადაუწყვეტელია, წარმოუდგენელია სტაბილურობა კავკასიაში”,-განაცხადა ბრაიზამ.
მეთიუ ბრაიზა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მისი განცხადებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის სტრატეგიული საკითხების განხილვას და საინვესტიციო გარემოს შესწავლას გეგმავს.