15 წლის გოგონას თვითმკვლელობის დროს დედა ეზოში იმყოფებოდა
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაკეში დედა-შვილი მე-12 სართულიდან გადმოხტა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, თვითმკვლელი 15 წლის გოგონა აღმოჩნდა. 9 – სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 15 წლის გოგონა გადმოხტა და ის ადგილზევე გარდაიცვალა – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.
„15 წლის გოგონას დედა ეზოში იყო, როდესაც შვილი მაღლივი კორპუსიდან გადმოხტა. დედა შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. ქალბატონს ადგილზევე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და ის სასწრაფოს ბრიგადის ექიმებს საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ“, – აღნიშნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო სამადაშვილმა.
შემთხვევა შროშის ქუჩაძე მოხდა. როგორც „კვირას“ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა განუცხადა, ეს იყო დიდი ტრაგედია.
„საშინელი კივილის ხმა შემომესმა. შვილი ზემოდან გადმოხტა და დედა ამ დროს ეზოში იმყოფებოდა. ძალიან დიდი ტრაგედიაა“, – აღნიშნა ქალბატონმა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.