დავით ზალკალიანი მინისტერიალზე – „საქართველო ყველას მიერ აღიარებულია, როგორც წარმატებული და ლიდერი ქვეყანა”

“საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ხელშესახებ შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
მინისტრის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები ბრიუსელში კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ როგორც ევროკავშირმა, ასევე პარტნიორმა სახელმწიფოებმა შეაფასონ განვლილი პერიოდი და დასახონ სამომავლო მიზნები.
მინისტრის თქმით, საქართველო კვლავ გააგრძელებს ამ მიზნისკენ სვლას და სწორედ ამას ემსახურება ინიციატივა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით.
„საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი და წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. აუცილებელია, რომ ჩვენ, ყველამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა, გამოვიტანოთ სწორი დასკვნა განვლილი პერიოდიდან და სწორი დასკვნების საფუძველზე განვსაზღვროთ, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია, საქართველო, მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევებისა, კვლავინდებურად, უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მცდელობებსა და რეფორმებს, რათა ქვეყანა მოვამზადოთ ჩვენი საბოლოო მიზნისთვის”, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელში დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული იქნა საიუბილეო ხასიათის განცხადება, იქ აუცილებლად შეფასდება ინიციატივის 10 წელი და, ბუნებრივია, აღნიშნული იქნა მიღწეული პროგრესიც, ასევე – სამომავლო პრიორიტეტები.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარსა და ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს და აღნიშნა, რომ საქართველო, ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უვიზო მიმოსვლის არასწორი გამოყენების შემთხვევები და იქედან მომდინარე რისკები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 13-14 მაისს ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში და, ასევე, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები