მერაბ ქვარაია “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ცილისწამება, რომელსაც ეწევიან, მათ ვერ უშველით
“წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის გადაფარვის მორიგი მცდელობა” – ასე შეაფასა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ნეპოტიზმთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებები.
” ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა, ისრები სხვა მიმართულებით გადაიტანონ და ამით გადაფარონ “ნაციონალური მოძრაობის” წარუმატებელი საარჩევნო კამპანია, რომელიც სახეზეა. ნეპოტიზმი, ძალადობა, ბიზნეს ინტერესების ლობირება, კორუფცია, სახელისუფლებო ტერორი, ცილისწამება – ეს “ნაციონალური მოძრაობის” სახეა და სწორედ ამიტომ ეთქვათ მათ უარი ამომრჩეველთა მხრიდან უკვე არაერთხელ ქართულ საარჩევნო პოლიტიკურ ველზე. ასე რომ ცილისწამება, რომელსაც ეწევიან, მათ ვერ უშველით: სანდრა რულოვსს, მის ძებნილ, არაერთ უმძიმეს დანაშაულში მხილებულ მეუღლეს და მთლიანად დამნაშავე “ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში, არჩევნებზე, რამდენიმე დღეში მორიგი კრახი ელოდებათ. ზუგდიდმა უნდა დაასრულოს საბოლოოდ ის მავნებლობა, რასაც სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია”, – აცხადებს ქვარაია.