პაატა ზაქარეიშვილი მერეთში რუსული ვერტმფრენის გამოჩენის თემას გამოეხმაურა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ მერეთის ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენის გამოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა “მაესტროს“ ეთერში საუბრისას განაცხადა, მსგავს სიტუაციებში ქართული მხარის ამოცანაა, ესკალაცია შეუქცევად პროცესებში და ძალადობაში არ გადაიზარდოს. “ ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებით შევიტყვე, დარწმუნრებული ვარ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საქართველოს ის უწყებები , რომლებიც ვალდებულნი არიან. ჩვენი სამინისტრო არ არის ოპერატიული სამსახური. ჩვენ პოლიტიკას ვგეგმავთ. საჭიროა რეაგირება, ამისთვის არსებობს ორი ფორმატი – ერთ ეს არის ჟენევის ფორმატი და მეორე ერგნეთის ინციდენტების პრევენციების ფორმატი, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ასეთი ესკალაცია შეუქცევად პროცესებში და ძალადობაში არ გადაიზარდოს, რაც სამწუხაროდ წინა ხელისუფლებების დროს ხდებოდა, როცა ხალხი გვეკარგებოდა ან ტერიტორიების დატოვება უწევდათ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ და ამ ტიპის გამოწვევებს იმ ფორმით ვუპასუხოთ რა ფორმითაც მათი პრევენცია მოხდება“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაირღვა.რუსული სამხედრო ვერტმფრენი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორთან ახლოს სოფელ მერეთში დღის პირველ ნახევარში ადგილობრივებმა და ტელეკამერებმა დააფიქსირეს.
მერეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ რუსული ვერტმფრენები მათი კუთვნილი სახნავ-სათესი მიწების თავზე ხშირად დაფრინავენ. თუმცა ოფიციალური თბილისი საჰაერო სივრცის დარღვევას არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები