ვლადიმერ ჩაჩიბაია: რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილეზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც მან აღნიშნა, სადავო არაფერია იმ საკითხში, რომ რუსეთ-საქართველოს ყველა კონფლიქტში რუსეთი საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო.
“1990 წლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო დამგეგმავი, ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის ინსპირირებულ კონფლიქტებში მე თავად ვმონაწილეობდი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ჩემი გამოსვლის ტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზის მიხედვით ნუ იმანიპულირებენ”, – აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.
 
​ცნობისათვის, თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილეზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა ოთხი ომი – სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები