ადვოკატის ვარაუდით, სუსლიაკის შვილებზე სასურველი ჩვენების მისაღებად ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება
“შესაძლოა, იულია სუსლიაკის შვილებზე სასურველი ჩვენების მისაღებად ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, ამის მცდელობებს აქვს ადგილი”,- ამის შესახებ ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ათივე ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ. მე მაქვს საკმაოდ ღრმა რწმენა, ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით იმის თაობაზე, რომ ბავშვებზე, შესაძლოა, ხორციელდებოდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ რომელიმე ბავშვისგან მოიპოვონ ჩვენება, თითქოს ბავშვი ამბობს, რომ დედა არ არის ქალბატონი იულია. ამის მცდელობებს აქვს ადგილი. რამდენჯერმე იყვნენ პროკურატურის დავალებით პალატაში შესული ადამიანები, ისინი მარტო ცნობისმოყვარეები არ იყვნენ; ისინი ცდილობდნენ, ბავშვებისგან ასეთი ინფორმაცია მოეპოვებინათ. სახალხო დამცველსაც მინდა, მივმართო, მოიკითხონ ბავშვების მდგომარეობა.
შემდეგ კითხვაზე გაეცეს პასუხი – რატომ არ არიან ისინი დღემდე დაკითხულები. რა უშლიდათ ხელს, დაეკითხათ ბავშვები? არაფერი. მაგრამ, სავარაუდოდ, ამ ბავშვების ჩვენება მათთვის არ არის მისაღები და, ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, შესაძლოა, მიიღონ მტკიცებულება“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული იულია სუსლიაკი დააკავა. 25 აპრილს ბრალდებული ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში, 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე, ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც, ბავშვებთან ერთად, რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და პოლიციამ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.
მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა, არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან”, – აცხადებენ შსს-ში.
თამუნა შეყილაძე