რატომ დატოვა უყურადღებოდ ძირს დაგდებული ბავშვი სუსლიაკმა? – ადვოკატის განმარტება გავრცელებულ ვიდეოზე
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა განმარტებას აკეთებს იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომელზეც ჩანს, რომ სუსლიაკი კლინიკაში ძირს დავარდნილ შვილს უყურადღებოდ ტოვებს.
„გავრცელდა იულია სუსლიაკის კორიდორში მოძრავი კადრები, როცა მას უახლოვდება 2 წლის ბავშვი და შემდეგ ის დაეცა კორიდორში. მინდა, გითხრათ, რა მოხდა ამ დღეს – ეს არის დღე, როცა დილის 11:00 საათიდან საღამოს 23:30-მდე ქალბატონი იულია სუსლიაკი იმყოფებოდა გამომძიებლებთან, 5 თუ 6 იყვნენ, რომლებიც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აწარმოებდნენ ამ ქალის დაკითხვას. ქალბატონი ითხოვდა ადვოკატს, მაგრამ მას არ მისცეს ამის შესაძლებლობა. უხსნიდნენ, რომ ის დაკითხვაზე არ იყო. წარმოიდგინეთ, რა დონის ფსიქოლოგიური ზეწოლა იქნებოდა ამ ქალბატონის მიმართ, როცა თხოვნდნენ განემარტათ, თუ როგორ გაყიდა 1 შვილი. მათ შორის ერთ-ერთი ეუბნებოდა, თითქოს, სხეული იყო დანაწევრებული. როგორი ასატანი და მოსასმენია ეს ადამიანისთვის, ქალისთვის უცხო ქვეყანაში, სადაც პირველადაა. არაადეკვატური, დაღლილი, გამოფიტული ადამიანი ბრუნდება დაკითხვიდან თუ ამ ტერორიდან კლინიკაში; ამ დროს დაინახა ბავშვმა დედამისი, გაეხარდა, აეტორღიალა, მან ვერ მიაქცია ყურადღება, მაგრამ იქვე შედის სუსლიაკი ოთახში, ეძახის დამხმარეს, რომელიც გამოვიდა წამში და ამ დამხმარემ წამოაყენა ბავშვი. ეს კადრი წარმოაჩინეს საზოგადოების განსაწყობად იულია სუსლიაკის წინააღმდეგ, თითქოს, ის არის ძალიან ცუდი დედა და აგრესიულია ბავშვების მიმართ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, ისინი ითხოვენ, ბიოლოგიური ექსპეტიზა ჩატარდეს.
„პროკურორს მივმართავ, ჩაატარონ ბიოლოგიური ექსპერტიზა.
ამით დამთავრდება ეს საქმე. ბიოლოგიური ექსპერტიზა არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მოპოვებული აქვს ბრალდებას უკვე 10 დღეზე მეტია, უდევს საქმის მასალებში, მაგრამ არ ატარებს კვლევას. შესაძლოა, ჩატარებული აქვს, მაგრამ არ ასაჯაროებს ყველა ნიმუში აღებულია დედის და 10 ბავშვის. ამ მასალებით შესაძლებელია, დავადგინოთ დედის კავშირი 4 ბავშვთან, რომლის ბიოლოგიური დედა თავადაა. არ ატარებენ ექსპერტიზას, ხოლო ათივე ბავშვს რომ ერთი მამა ჰყავს. ამის დასადგენად შევთავაზეთ რამდნეიმე ვარიანტი: იური სუსლიაკი აფხაზეთშია. ჩამოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, მის წინააღმდეგ ამუშავდეს ოკუპაციის შესახებ კანონი, რადგან აფხაზეთშის აქართველოს გვერდის ავლით მოხვდა; აქედან გამომდინარე, ადამიანი გარანტიებს ითხოვს, თუ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული ამ კანონით. მაშინ მზადაა, ჩამოვიდეს საქართველოში. ეს შეუძლებლად მიაჩნიათ. შევთავაზეთ, “წითელი ჯვრის” მეშვეობით აგვეღო ნიმუშები, ამაზეც უარი თქვეს. შევთავაზეთ მესამე ვარიანტი – იური სუსლიაკს დედა ჰყავს, რომლის ბიოლოგიური მასალა საკმარისი იქნება ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ამაზეც არ გვთანხმდებიან, ყველა კითხვაზე პასუხი ბიოლოგიური ექსპერტიზით გაეცემა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული იულია სუსლიაკი დააკავა.25 აპრილს ბრალდებული ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში, 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე, ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც, ბავშვებთან ერთად, რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და პოლიციამ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.
მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა, არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან”, – აცხადებენ შსს-ში.
თამუნა შეყილაძე