მამუკა ხაზარაძე: „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა ნიშნავს, რომ დასამალი არაფერია

„ბანკმა შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციაზე სარჩელი მხოლოდ იმის გამო, რომ, პარალელურად, მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი ნათელს მოჰფენს მთელ იმ საქმეს, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბანკმა გადაწყვიტა სარჩელის სასამართლოში შეტანა, რადგან ამ საკითხზე ბევრი კითხვა გაჩნდა.
„ამ პროცესში დაზარალებული არის მხოლოდ ორი ადამიანი: ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. 2008 წლის ტრანზაქციით ჩვენ დავზარალდით, როგორც აქციონერები, ჩვენ მორალური თვალსაზრისითაც და ფინანსური თვალსაზრისითაც მართლები ვართ აქციონერების წინაშეც. მაშინ გახსოვთ, რომ 10-10 პროცენტი ჰქონდა მსოფლიო ბანკსა და გერმანიის განვითარების ბანკს. არასდროს ამ ტრანზაქციასა და სხვა ტრანზაქციებზე არ ყოფილა კითხვები. ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ იქ არაფერი ყოფილა.
ბანკმა და არა აქციონერებმა, გადაწყვიტა, შეიტანოს ეს სასამართლოში, რომ ნათელი იყოს ყველაფერი, რადგან ბევრი კითხვა გაჩნდა. სასამართლო პროცესი ნიშნავს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. იცით, პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ იქედან პასუხი ვერ მივიღეთ. იმედი გვაქვს, სასამართლო წესით ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათელი იქნება საზოგადოებისთვის.
​ბანკმა შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციაზე სარჩელი მხოლოდ იმის გამო, რომ, პარალელურად, მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი ნათელს მოჰფენს არა მარტო იმას, რაც ფარულად მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ, არამედ მთელ იმ საქმეს, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება, სად იდგა ბანკი მაშინ, სად დგას ახლა, სად დგანან აქციონერები და ვინ დაზარალდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა მიმდინარეობს. დავის საგანი საკრედიტო ურთიერთობებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები