“სუსლიაკი პროკურორის მსხვერპლია“- რა მასალებს ასაჯაროებს ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის ადვოკატი

“შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იულია სუსლიაკი არის მსხვერპლი ქართულ სამართლადამცველ სისტემაში, კერძოდ – მთავარ პროკურატურაში დასაქმებული პროკურორისა, რომელმაც ყოველგვარი რიგის გარეშე, სავარაუდოდ, გენერლის ჩინის მიღება მოინდომა და შეთითხნა ეს საქმე”, – ამის შესახებ ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატის თქმით, არანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ სუსლიაკი პატიმრობაში იყოს. ზურაბ თოდუამ განაცხადა, რომ ათივე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია. ადვოკატმა მედიას ფოტო- და ვიდეომასალა წარუდგინა, რომელზეც ორსული სუსლიაკია ასახული.
„ბრალის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი – თეა გიორგაძე, იულია სუსლიაკმა, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, იყიდა 10 ბავშვი უკრაინაში, შემდეგ გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, რამდენიმე ხნის შემდეგ მიემგზავრება აშშ-ში, სადაც კიდევ ერთი ბავშვი შეიძინა. ანუ 11 ბავშვით იმყოფება რუსეთში. საიდანაც 1 ბავშვი გაყიდა და 10 ბავშვით ჩამოვიდა საქართველოში იმ მიზნით, რომ გადასულიყო აფხაზეთში, სადაც აპირებდა დანარჩენი, ათივე ბავშვის გაყიდვას. პროკურორს არცერთი მტკიცებულება აქვს, ჩემი შეკითხვა, რომელიც მას დაესვა სასამართლოზე – განემარტა, რომელი მტკიცებულების საფუძველზე ადასტურებდა ამ უმძიმეს ბრალს, განაცხადა, რომ საქმეში წარმოდგენილი აქვს ყველა მტკიცებულება. ვნახეთ, რომ ყველა მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებებია. ესენი არიან ტაქსის მძღოლები, ზუგდიდში მაცხოვრებელი ბინის მესაკუთრეები, მედპერსონალი, რომლებმაც, თურმე, მოიპოვეს ინფორმაციები, თუ როგორ იყიდა და გაყიდა სუსლიაკმა ბავშვები.

ჩემი განცხადება იმის თაობაზე, რომ ქალბატონი იულია და ბატონი იური სუსლიაკები არიან ამ 10 ბავშვიდან 4-ის ბიოლოგიური მშობლები დასტურდება მტკიცებულებით, რომელიც ჩემ მიერ არის წარმოდგენილი. დასტურდება, რომ იულია სუსლიაკი ექოსკოპირებულია 2008 წელს თავის პირველ შვილზე. გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია ბავშვის დაბადებიდან მოყოლებული, რამდენჯერ ჰქონდა ვიზიტი ექიმთან და ა.შ. ანუ გიორგაძის მიერ წარმოდგენილი ბრალი, რომ პირველი შვილიც ნაყიდია, უტყუარად დასტურდება, რომ აბსოლუტური სისულელეა. მეორე , მესამე შვილების მიმართ ანალოგიური მტკიცებულებები მაქვს წარმოდგენილი.
რაც შეეხება მე-11 შვილს, ანუ ამერიკის მოქალაქეს, რომელიც ქალბატონი გიორგაძის ხედვით, თურმე, სუსლიაკმა ამერიკაში იყიდა იმისათვის, რომ უნდა გაეყიდა. მაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც დღეს ვასაჯაროებ პირველად – ეს არის ფოტო- და ვიდეომასალა , რომელზეც ნათლად ჩანს მაიამის ერთერთ მაღაზიაში ორსული იულია სუსლიაკი როგორ ირგებს ორსულის კაბას. ასევე, არის სამშობიაროში ყოფნის ამსახველი ფოტომასალა, ასევე – მშობიარობის შემდგომი, როცა მას ბავშვი მკერდზე დაუსვეს სვილი მშობიარობის შემდეგ. გვაქვს დაბადების მოწმობა დადასტურებული ამერიკის სათანადო უწყებების მიერ. თეა გიორგაძის მოსაზრება იმაზე, რომ სუსლიაკმა ამერიკაში ბავშვი იყიდა, აბსოლუტურად ნაბოდვარია და მეტი არაფერი.

რაც შეეხება გარდაცვლილ ბავშვზე იმის თქმას, თითქოს, ის გაყიდულია.
ესეც აბსოლუტური სისულელე და ბოდვის შედეგია.   

 ჩემ მიერ წარმოდგენილია სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის სატანადო დოკუმენტაცია: კონტრაქტი სუროგატ დედასთან, კლინიკასთან. სუროგატი დედის თანხმობა, რომ არ ექნება პრეტენზია ბავშვზე. გვაქვს  სასაფლაოს ფოტომასალა, სადაც დაკრძალულია ეს ბავშვი. ასევე, დაკრძალვის ხარჯები გამოვითხოვეთ მოსკოვიდან.
როცა იბადება კითხვა – რატომ დაიბადა 4 ბავშვი ერთი წლის განმავლობაში? – კანონი არავის უკრძალავს სუროგატ დედებთან ხელშეკრულების დადებასა და ბავშვების გაჩენას.
შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იულია სუსლიაკი არის მსხვერპლი ქართულ სამართლადამცველ სისტემაში, კერძოდ მთავარ პროკუ

რატურაში დასაქმებული პროკურორისა , რომელმაც ყოველგვარი რიგის გარეშე, სავარაუდოდ, გენერლის ჩინის მიღება მოინდომა და შეთითხნა ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისტთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული იულია სუსლიაკი დააკავა. 25 აპრილს ბრალდებული ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში, 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე, ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც, ბავშვებთან ერთად, რამდენიმე დღეს იმყოფებოდა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და პოლიციამ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.
მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა, არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან”, – აცხადებენ შსს-ში.

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები