ნიკა მელია: არ ვაპირებ ამ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის მხრიდან ლანძღვა-გინების მოთმენას არ აპირებს. მისივე თქმით, პაპუაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარიც იყო, თუმცა მისი გაკეთებული საქმე არავის უნახავს.
„ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ ამ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ. ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი. ერთი სიკეთე მაინც რა გაუკეთებია? ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. მთაწმინდის მაჟორიტარი იყო – ერთი მთაწმინდელი მანახეთ, ვინც იტყვის, რომ მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეასრულა. ახლა დიდუბეში გახდა. მაგის საკრიტიკებელი ვინ არის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიას პაპუაშვილთან დაპირისპირების დეტალებზე არ უსაუბრია.