კახა კალაძე: თბილისში წლის ბოლოსთვის „უესბი“ დამტენებით და „ვაიფაის“ მოდემით აღჭურვილი 220 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში წლის ბოლოსთვის 220 ახალი, რვამეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. როგორც მან დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანია „ისუზუსთან“ გაფორმდა.
„გაფორმდა ხელშეკრულება 220 ახალ ავტობუსზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია „ისუზუ“. წლის ბოლოსთვის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსები უნდა შემოვიდეს. ეს არის ის პროგრამა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და სერიოზულ პრობლემასა და დისკომფორტს წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ზოგადად ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ვიცით, გამონაბოლქვი რამდენად სერიოზული პრობლემა არის და ამ მიმართულებითაც არსებული ავტობუსების პარკი არის პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმრათულებას შეიცავს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, მეტროს ვაგონების განახლება-მოწესრიგებას, მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ავტობუსების ფერს მუნიციპალიტეტი მოსახლეობასთან ერთად გადაწყვეტს. „ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანვივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, „უესბი“ დამტენებით, „ვაიფაის“ მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის ვაიფაის სიგნალის დაფარვას, ანუ ამ ავტობუსებში შესაძლებელი იქნება უფასო ინტერნეტით სარგებლობა. ავტობუსების მოწოდება 8-თვიან პერიოდში უნდა მოხდეს. მიხარია, რომ ჩვენ მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ და ძალიან მალე ქალაქს ეყოლება ახალი 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსები. ავტობუსის ფერს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ. ეს არის ევრო 6-ის დიზელზე მომუშავე ავტობუსები. ყველა სტანდარტი, როგორც ევროპულ ქალაქებშია, ანალოგიურად, ჩვენ ყველა შესყიდვის დროს ვითვალისწინებთ ამ ყველაფერს, ვითხოვთ და შესაბამისად, ამ სტანდარტებით იქნება აღჭურვილი ავტობუსი, რომელსაც შეისყიდის მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, იცით, რომ უახლოეს დღეებში წრმოვადგენთ 10-მეტრიან ავტობუსებს, რომლის ნაწილიც დედაქალაქში ჩამოსულია და ამის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გვექნება. ეს ავტობუსები მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, ისინი განთავსებული იქნება სხვადასხვა რაიონებსა და უბნებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები