ბიძინა ივანიშვილი: სიის დაკომპლექტებისას “პრინციპული დეპუტატები” რატომ არ გაემიჯნენ ზარდიაშვილს
„ბესელია, ფოფხაძე, გოგიჩაიშვილი – ეს “პრინციპული დეპუტატები”, როდესაც ნახეს სიაში ზარდიაშვილი, ხომ ნახეს, დამალული ხომ არ იყო, რატომ არ განაცხადეს, მაშინ, რომ ჩვენ ამ სიაში არ შემოვალთ, სანამ აქ იქნება ზარდიაშვილი?!“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს დეპუტატები მაშინ იქნებოდნენ ღირსეულები, თუ იტყოდნენ, რომ ვანო ზარდიაშვილთან ერთად სიაში არ ჩაეწერებოდნენ. ივანიშვილი მიიჩნევს რომ გუნდიდან წასული „სამეული“ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობს.
„რაც შეეხება ჩვენი დეპუტატების პრინციპულობას, რომლებიც ზარდიაშვილს მუდამ გაიხსენებენ და მათთვის მიუღებელია. მე მათ პრინციპულობაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ელემენტარული მიზეზის გამო, თუ ესენი ასეთი პრინციპულები არიან, როდესაც სიაში შეიტანეს ზარდიაშვილი და მე არ ვაყალიბებდი მაშინ სიას, მე ძალიან შორიდან ვაძლევდი რჩევებს, მათი პრინციპულობა სად იყო მაშინ?! როდესც სიაში ნახეს, სიით არის შესული ბესელია, სიით არის შესული გედი ფოფხაძე, მაჟორიტარი იყო გოგიჩაიშვილი, რატომ არ… არა აქვს მნიშვნელობა ვინ შეიყვანა. ეს პრინციპული დეპუტატები, როდესაც ნახეს სიაში, ხომ ნახეს დამალული ხომ არ იყო, რატომ არ განაცხადეს მაშინ, რომ ჩვენ ამ სიაში არ შემოვალთ, ჩვენ ამ სიაში არ ჩავიწერებით, სანამ აქ იქნება ზარდიაშვილი. აი მაშინ იქნებოდნენ პრინციპულები. სად იყვნენ მესამე წელიწადი მთავრდება, სად იყვნენ ამდენ ხანს, რატომ ახლა გაახსენდათ ზარდიაშვილი, რატომ გაახსენდათ იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა ახალი შესაძლებლობა, რომ დაენგრია სასამართლო და თავისი „ენჯეოებით“ და დიდი შეტევა განახორციელა სასამართლოზე და გრძელდება ეს პროცესი, რატომ ახლა ჩაერთვნენ ამ პროცესში, თუ ესეთი პრინციპულები იყვნენ თავის დროზე რატომ არ გამოამჟღავნეს ეს პრინციპულობა, რატომ არ განაცხადა გედი ფოფხაძემ, რომ მე არ შევალ მაგ სიაში სადაც ზარდიაშვილია. ერთი ხმა არ ამოუღა არცერთს, ყოველ შემთხვევაში არც საჯაროდ და არც შიგნით მე ეს არ გამიგია. სხვებისგან გამიგია, ვიღაცეები ამას აპროტესტებდნენ, მაგრამ არა ესენი. აი ეს მაქვს მხედველობაში სწორედ, რომ დღეს ესენი რეალურად თამაშობენ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს.
მე პირადად თავს არ ვაკადრებ და არც მათთვის არ მიკადრებია შიგნით როდესაც გარჩევები გვქონდა და როდესაც მათ მივანიშნებდი და მიანიშნებდნენ თანაგუნდელებიც, რომ ეს რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.