“ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თამარ ჩერგოლეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტაბულას“ რედაქტორის – თამარ ჩერგოლეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. როგორც ორგანიზაციში აცხადებენ, პოლიტიკოსის მეუღლემ, სოციალური ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, შემდგომ კი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით განაცხადა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს და ორგანიზაციას „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწოდა. მან ასევე საჯარო სივრცეში გაავრცელა ფოტო, რომელზეც ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის გვერდით ტრიბუნასთან დგას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ორგანიზაციის 2014 წლის 6 თებერვლის წერილობით მიმართვას, მოეხდინა ორგანიზაციის მიმართ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებების უარყოფა, უარით უპასუხა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა გამოქვეყნებულ კვლევას: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“- მოჰყვა, სადაც საუბარი შეეხო მოპასუხის მეუღლის, გიგა ბოკერიას ოჯახთან დაკავშირებული ფირმების მოგების მაჩვენებლებს.
„ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს, კვლევის ავტორების ხელისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოება მიზანმიმართულ შეცდომაში შეჰყავდა, ადგილი ჰქონდა მცდარი ცნობების გავრცელებას, ხოლო თუკი სახელისუფლებო პარტიასთან ფარული დავალებების რაიმე სახის მტკიცებულება არსებობდა, პოლიტიკოსის მეუღლეს საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გაეხადა.
თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, თინათინ ნიბლოშვილის ფოტოს გამოქვეყნებაც, რომელიც ტრიბუნასთან, ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას. ორგანიზაციამ მოპასუხის ბრალდებას უპასუხა და მიუთითა, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულ იყო 2012 წლის 21 აპრილს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე. რა დროსაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნებულიც არ იყო, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი დამოუკიდებელ უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო განცხადებები ლახავს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას, ორგანიზაციის კორპორაციულ ინტერესებს, პროფესიული თავისუფლების პრინციპებს და გავლენას ახდენს ყველა სხვა მესამე პირთან ნდობის გაჩენაში. შესაბამისად, ორგანიზაციის პროფესიული ავტორიტეტი ვერ იქნება რეალიზებული, თუკი მოპასუხის საჯარო განცხადებები არ იქნება გაქარწყლებული.
მოცემულ დავაშიც “ახალგაზრდა ადვოკატების” ყველაზე მაღალი სამართლებრივი სიკეთის დაცვა გამოიხატება იმ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფაში. თამარ ჩერგოლეიშვილის გამონათქვამები არ ყოფილა კომენტარი, აზრი, ვარაუდი, მოსაზრება, შეფასება. პოლიტიკოსის მეუღლემ განზრახ ზიანის მიმყენებელი და ორგანიზაციის სახელის გამტეხი განცხადებები გაავრცელა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლოს, დავის დასაბუთებისთვის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც წარუდგინეს. ორგანიზაციის ინტერესებს, სასამართლო სხდომაზე, სადამფუძნებლო საბჭო – არჩილ კაიკაციშვილი, მარიკა არევაძე და თინათინ ნიბლოშვილი დაიცავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.