იუსტიციის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის გრიგორ კამკამიძე გათავისუფლდა

საჯარო რეესტრმა საარჩევნო პროცესში მონაწილე თანამშრომელი შრომის კოდექსისა და იუსტიციის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის დაითხოვა.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრიგორ კამკამიძემ უხეშად დაარღვია საქართველოს შრომის კოდექსითა და იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 აპრილის N 481 ბრძანებით დადგენილი ვალდებულება.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო პროცესში, იგი ვალდებულია, შრომითი ურთიერთობის შეჩერების ამ საფუძვლების არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დამსაქმებელს.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის N481 ბრძანებით, მკაცრად გაიწერა საარჩევნო პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების მკაფიო გამიჯვნას პოლიტიკური პროცესისგან და რომელიც გაეცნო სისტემაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს კანონითა და შიდა პროცედურებით დადგენილი წესით. ვინაიდან გრიგორ კამკამიძე წარმოადგენდა მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს, მას ევალებოდა იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაცრად შესრულება, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირთა ინფორმირება და საარჩევნო პერიოდში მათი კანონშესაბამისი ქმედებების უზრუნველყოფა. ამის საწინააღმდეგოდ, გრიგორ კამკამიძე 2014 წლის 17 მაისის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის № 20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის №044/2014 განკარგულების მე-20 მუხლის საფუძველზე გატარდა რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკი ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად №10 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში.
აღნიშნულის შესახებ გრიგორ კამკამიძემ არ შეატყობინა დამსაქმებელს და საქმიანობა გააგრძელა იმ თანამდებობაზე, რომელზეც პირს ხელი მიუწვდება სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური პროცესის ერთმანეთისაგან მკაცრად გამიჯვნას ხელს უშლის. 2014 წლის 17 მაისის განკარგულების შესახებ საჯარო რეესტრისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ გუშინ, როდესაც გრიგოლ კამკამიძეს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მისივე სამუშაო ადგილზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ იქ მისული კონკურენტი პარტიის წარმომადგენლები“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
იუსტიციის სამინისტრო და მის გამგებლობაში მოქმედი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გმობს ამ ინციდენტის მონაწილე მხარების ქცევას და აცხადებს, რომ არ იქნება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაშვებული ისეთი რამ, რაც გამოიწვევს სისტემის თანამშრომლებისათვის წინასაარჩევნო პერიოდში დადგენილი ქცევის მაღალი სტანდარტის დაკნინებას. ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგორ კამკამიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები