საქართველოსა და Eurojust-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება
2015 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკება იუსტიციის სამინისტროსა და Eurojust-ს შორის ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ წარმატებით დასრულდა. საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება ხვალ, 29 მარტს გაფორმდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი და „ევროჯასტის“ პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს ჰააგაში მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილოების მისაღებად თეა წულუკიანი ნიდერლანდების სამეფოში დღეს გაემგზავრა.
„Eurojust-ი ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე, მეკავშირე ოფიცრების, ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას. შეთანხმების გაფორმების მიზნით, Eurojust-თან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა. პროცესის წარმატებით დასრულებისათვის არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის − უმაღლეს დონეზე“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის პირველი შეხვედრა Eurojust-ის პრეზიდენტთან, მიშელ კონინქსთან 2015 წლის 29 სექტემბერს შედგა. პროცესი აქტიურ ფაზაში 2018 წლის იანვრიდან გადავიდა, როდესაც ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ჰააგაში Eurojust-თან ოფიციალურ მოლაპარაკებებზე და საქართველოს გადმოეცა ორმხრივი შეთანხმების პროექტი.
სააგენტოსთან ოფიციალური მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 2018 წლის 16 აპრილს გაიმართა, როდესაც მხარეებს შორის ტექსტის პროექტი შეჯერდა. შეთანხმების პროექტი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გავლით განიხილეს შესაბამისმა უწყებებმა.
ხოლო, 2018 წლის 3 ივლისს, ქართული მხარის მიერ პარაფირებული შეთანხმების პროექტი Eurojus-ს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დოკუმენტის შემდგომი განხილვისა და შიდა პროცედურების გავლის მიზნით მიეწოდა.
2019 წლის 14 თებერვალს, ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი Eurojust-ის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულებთან, კოორდინირებული ბრძოლისათვის.
„ევროჯასტსა“ და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადასვლა მიუთითებს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო − ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია; ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას; ეს ნიშნავს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან კოორდინირებულ ბრძოლას; ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლებისა და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებასა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.