სუს-ი: გამოვიყენებთ, ყველა მექანიზმს, რათა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე

“2018 წელს, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე-ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით, ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე”, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 20018 წლის ანგარიშში, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს აცნობდა. უწყების ინფორმაციით, ამ მხრივ, 2018 წელს, სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე მაღალი რანგის სხვადასხვა ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 39 ვიზიტს გაუწია ორგანიზება. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში, სადაც სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყებაა. 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე-ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. საანგარიშო პერიოდში, გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც IPRM-ის შეხვედრების მიზანმიმართულ დაზიანებაში გამოიხატებოდა. დე-ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან გ. ოთხოზორიას, ა. ტატუნაშვილის და დ. ბაშარულის საკითხების ამოღება ულტიმატუმის სახით მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ოქტომბერსა და ნოემბერში აღნიშნული შეხვედრები არ გამართულა, ხოლო ოკუპირებულ ქ. გალში IPRM-ის ფორმატი 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ამ დრომდე შეწყვეტილია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ქ. გალში 6, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 7 შეხვედრა გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს განიხილავს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფორმატისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს IPRM-ში კონსტრუქციულ მონაწილეობას და იჩენს ძალისხმევას ქ. გალის შეხვედრების აღდგენის მიმართულებით. ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით მართული „ცხელი ხაზი“ წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმის საშუალებით ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტებისა და დაძაბულობის პრევენციასა და უმოკლეს ვადაში გარკვევა-გადაწყვეტას. „ცხელი ხაზის“ გააქტიურების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს, ზემოაღნიშნული მექანიზმი 2 182-ჯერ იქნა გამოყენებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რათა ადგილზე არსებული ვითარება ობიექტურად მიეწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს, თანათავმჯდომარეებსა და შეხვედრის ყველა მონაწილეს. საანგარიშო პერიოდში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ოთხი რაუნდი გაიმართა (43-ე, 44-ე, 45-ე და 46-ე). 2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად თანამშრომლობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ EUMM-ს არ ეძლევა საშუალება, გაახორციელოს მანდატით განსაზღვრული უფლება, აწარმოოს მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. აღნიშნულის მიუხედავად, EUMM (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან ერთად) მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლობებთან; 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების პროცესში კი – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC). უსაფრთხოების სამსახური ჩართულია “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ორგანიზებულ ე.წ. სამმხრივი საკოორდინაციო შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს. 2018 წელს, ორი შეხვედრა გაიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალურად განეიტრალებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2018 წელს, სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე მაღალი რანგის სხვადასხვა ოფიციალური პირისა და მედიის წარმომადგენელთა 39 ვიზიტს გაუწია ორგანიზება”, – ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები