სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენ მიერ არჩეულ გზას – მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატო-ში
„ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენ მიერ არჩეულ გზას – მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატო-ში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა. ის სრულიად თავისუფლად აკეთებს თავის არჩევანს და ირჩევს თავის მოკავშირეებს.
„ჩვენი ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას. საქართველოს სვლა ნატო-სკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენ მიმართ არ არის გამართლებული. ეს არის ერთადერთი სწორი, მომავალზე ორიენტირებული არჩევანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.