სუს-ი, ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, 23 სახელმწიფოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობს
“2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, ხელი მოეწერა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებებს 3 ქვეყანასთან, (ალბანეთი, იტალია, მოლდოვა)”, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის წარმატებას, დიდწილად, განსაზღვრავს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ანალოგიური ორმხრივი შეთანხმებები გაფორმებულია 23 სახელმწიფოსა და ევროკავშირთან.
“აღნიშნული მიმართულებით, ინიცირებულია რამდენიმე შეთანხმების პროექტი და გრძელდება აქტიური კონსულტაციები. სამსახური განაგრძობს ინტენსიურ თანამშრომლობას საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ატაშეებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ფორმატის ეფექტური გამოყენებით, საანგარიშო პერიოდში, სისტემურად მიმდინარეობდა პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში სამსახური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მჭიდრო თანამშრომლობას. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აშშ-ის მთავრობის შესაბამის უწყებებთან გრძელდებოდა აქტიური მუშაობა და კოორდინაცია სხვადასხვა ფორმატში. 2018 წელს, ძალაში შევიდა აშშ-თან გაფორმებული შეთანხმება ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო აღნიშნული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. სამსახურის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში. ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო შეფასებულია, როგორც შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში. მნიშვნელოვანი იყო 2018 წელს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების მიზნით გახორციელებული აქტივობები. სამსახური ჩართული იყო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) პროგრამაში, სხვადასხვა პროექტის გახორციელებასა და შემუშავებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მონაწილეობას იღებდნენ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის გახორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისა და სათანადო დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ასევე – საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გახორციელებულ აქტივობებში. ამავე დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრაში. 2018 წელს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გამტკიცების მიზნით. საანგარიშო პერიოდში, ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმსა და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას, რომელთა შემუშავებაში მონაწილეობდნენ სამსახურის ექსპერტები. სამსახური აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს მიერ უსაფრთხოების სფეროში გახორციელებულ აქტივობებში, მათ შორის, ევროსაბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის (CDCT) შეხვედრებსა და ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტში „საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების გაძლიერება“.
სამსახური წარმოდგენილია ტერორიზმის პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის დამატებითი ოქმის საფუძველზე შექმნილი ეროვნული საკონტაქტო პირების 24/7 თანამშრომლობის ქსელში. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართულია მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციისა“ და „ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის“ (GICNT) ფარგლებში გამართულ აქტივობებში. ეფექტურად გამოიყენებოდა ინტერპოლთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. გაეროსთან თანამშრომლობის მიმართულებით, საანგარიშო წელს, სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურად იყვნენ ჩართული გაეროს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტისა და სხვა ფორმატების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში და ახდენდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას საქართველოს გამოცდილების შესახებ. 2018 წლის ივლისში, სამსახურის ორგანიზებით, გახორციელდა გაეროს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის შემფასებელი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესრულების მონიტორინგი. დელეგაციამ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში დადებითად შეაფასა და, ამ მიმართულებით, ქვეყნის პროგრესი შესაბამისად აისახა კომიტეტის ანგარიშში. სამსახური მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. 2018 წლის განმავლობაში, გასული წლების მსგავსად, უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში და წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში გახორციელებულ აქტივობებში”, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.