„მინდა, პოზიტიურად შევაფასო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები-პირველ ყოვლისა, შსს-ის საქმიანობა ნამდვილად აღსანიშნია“

დღეს, პარლამენტში, სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციები განიხილეს.
როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, პოზიტიურად აფასებს უწყებების გადადგმულ ნაბიჯებს და რეკომენდაციების შესრულების ნაწილში განსაკუთრებით აღსანიშნია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, რომელთანაც, მთელი წლის განმავლობაში, ინტენსიურად თანამშრომლობდა.
ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არის პროგრესი და, შესაბამისად, სხვა უწყებებთანაც იმავე სტილით მუშაობას გეგმავს.
„235 რეკომენდაცია მოხვდა პარლამენტის დადგენილებაში. ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე – წინა წლების განმავლობაში. ჯამურად, ჩვენ გვაქვს ნამდვილად პოზიტიური ტენდენცია გაზიარებული რეკომენდაციების თვალსაზრისით და დღესაც იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი გამოთქვამს ძალიან მტკიცე მხარდაჭერას, რომ ასეთი განხილვები აღარ დარჩეს ფორმალობად.
მინდა, ნამდვილად პოზიტიურად შევაფასო იმ უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელთა შედეგებსაც დღეს განვიხილავთ.
პირველ ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახორციელებული საქმიანობა ნამდვილად აღსანიშნია. ამას, ალბათ, ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჩვენ, მთელი წლის განმავლობაში, ორმხრივად, ძალიან აქტიურად ვმუშაობდით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. გვქონდა არაერთი შეხვედრა, სადაც განვიხილავდით ამ რეკომენდაციებს და, ასევე, ვცვლიდით ინფორმაციებსა და პოზიციებს. შარშან ვთქვი, რომ ჩვენ ვაპირებთ, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ უშუალოდ იმ უწყებებთან, ვისაც მიემართება ეს რეკომენდაციები, რომ მხოლოდ პარლამენტის ფორმატში არ ხდებოდეს ასეთი ტიპის დისკუსიები და, რეალურად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამან იმუშავა და ჩვენ გვაქვს ნამდვილად პროგრესი. ჩვენ ვაპირებთ, რომ იმავე სტილით ვიმუშაოთ, ასევე, იმ უწყებებთან, რომლებსაც ყველაზე მეტი რეკომენდაციები მიემართებათ, ტრადიციულად, ჩვენი მხრიდან – ეს არის იუსტიციის სამინისტრო, როგორ პენიტენციალური სისტემის მიმართულებით პასუხისმგებელი პირი; ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო და ა.შ.
ჩვენ მზად ვართ. აქ არიან წარმომადგენლები და იმედია, წელს მათთანაც იქნება მსგავსი ტიპის თანამშრომლობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები