თეა წულუკიანი: ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირება

“დღეს, ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ არა მხოლოდ გამოძიებაა დაწყებული, არამედ შესაბამისი პირიც, ვისზეც ეჭვი არსებობს, რომ ღამით გაავრცელა კადრები, დაკავებულია”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
წულუკიანმა განმარტა, რომ პირად ცხოვრებას იცავს კონსტიტუცია.
„მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოები რეაგირებდნენ, მოკლე ვადებში, როდესაც ასეთი რამ ხდება. დღეს, ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ არა მხოლოდ გამოძიებაა დაწყებული, არამედ შესაბამისი პირიც, ვისზეც ეჭვი არსებობს, რომ ღამით გაავრცელა კადრები, დაკავებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვხედავთ ადამიანებს, როგორიც უნდა იყოს მათი ასაკი, განათლების დონე, ან რამდენი მეგობარიც არ უნდა ჰყავდეთ, ყველამ ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ ეს არის დანაშაული და საზოგადოებამაც გაკიცხოს ეს საქციელი, რადგან პირადი ცხოვრება არის დაცული ღირებულება. ამას იცავს კონსტიტუცია, იცავს ჩვენი კანონი და ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, როდესაც არ ხდება პირადი ცხოვრების უფლების დაცვა ინდივიდების მიერ, ასეთ შემთხვევაში, საქმეში ერევა საგამოძიებო ორგანო, ხდება დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს არ უნდა იწვევდეს რაიმე ტიპის უკმაყოფილებას.
“ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირება და მასზე კადრების გავრცელება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები