თეა წულუკიანი: მედიაცია შემოვა, როგორც არჩევანი ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის – ბიზნესმენებისთვის
“მედიაცია შემოვა, როგორც არჩევანი ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის – ბიზნესმენებისთვის, რათა თავიანთი დავები განიხილოს მედიატორმა და წლების განმავლობაში არ ელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიაციის შესახებ კანონპროექტის შესახებ განაცხადა. მინისტრის თქმით, დღეს, სასამართლო გადატვირთულია მიკროდავებით. „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით, გავმართეთ შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და მედიაციის შესახებ კანონპროექტი გავაცანით. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც, მომავალში, უნდა ისარგებლონ მედიაციის კანონით, რეფორმით, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს სთავაზობს უკვე მომავალი კვირიდან კომიტეტებში განსახილველად. მთავარი არის ის, რომ მედიაცია შემოვა, როგორც არჩევანი ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის – ბიზნესმენებისთვის, რათა თავიანთი დავები განიხილოს მედიატორმა და წლების განმავლობაში არ ელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას. დღეს სასამართლო გადატვირთულია მიკროდავებით, მნიშვნელოვანი დავებით და ეს ყველაფერი ქმნის იმ ატმოსფეროს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს – მათ შორის, მეც მაქვს – თაროზე შემოდებული სასამართლო დავა და ველოდები მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, მედიაცია რომ განვითარდება, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სასამართლოს გარეთ მედიატორს მიმართონ, ან სასამართლოში მივიდნენ; მაგრამ ვიდრე მოსამართლე დავას განიხილავს, შეეძლებათ, ისარგებლონ სასამართლო მედიატორის, ასევე – კვალიფიციური და სერტიფიცირებული პირის მომსახურებით. „მედიაცია იმისთვის არის კარგი, რომ განხილვის პროცესი არ არის საჯარო. მხარეები ერთმანეთს კი არ ედავებიან, არამედ დისკუსიაში არიან ერთმანეთთან და მედიატორი ხელს უწყობს ამ დისკუსიას, უსმენს ინდივიდურად, ან ერთობლივ შეხვედრებზე. გამოსავალიც ასე უფრო მშვიდობიანი გზით, მარტივად გამოიკვეთება ხოლმე. ჩვენ ეს ვნახეთ მიწის რეგისტრაციის რეფორმისას, როდესაც, ბოლო სამი წლის მანძილზე, 2 000-ზე მეტი წარმატებული მედიაცია გვაქვს ქვეყანაში და ელემენტარული გადაფარვებისა და სამეზობლო დავებისთვის ადამიანები სასამართლოს აღარ მიმართავენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.