ეკა ბესელიას ულტიმატუმი კადრებზე: სამართალდამცველებმა რატომ გაიგეს ჩემგან?!

დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვის ფაქტზე მოზარდის დაკავების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული თემა აქტიურდება მაშინ, როცა ის მწვავე განცხადებებს აკეთებს.
ეკა ბესელიას თქმით, აუცილებელია დამკვეთისა და ორგანიზატორის გამოაშკარავება. ამასთან, ის შსს-სა და პროკურატურას ერთი თვის ვადას აძლევს ამის დასადგენად და დამკვეთის დასაკავებლად.
“ჩემ მიმართ გახორციელებული ერთგვარი შტურმის ფონზე,ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეც შემთხვევით ხდება? მე ვსვამ კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მე მედიამ მითხრა ამის თაობაზე, დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს და მას ვაცნობე, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდათ და ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან?! ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ თუ არა, უფრო მეტად, ასეთი რამისგან? ჩემ დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ იმიტომ, რომ მე მიჩვეული ვარ ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” დროს პერსონალურ შტურმსა და შურისძიებებს და მერე ახლა. არ არის აქამდე, ან ვერ არის ნაპოვნი დამკვეთი. მე ველოდები პირველ საქმეზეც ამ დამკვეთსა და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც. თუ, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ვერ მივიღებ ამ კითხვებზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისაგან, მაშინ, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, შსს-მ “იუთუბზე” ვიდეომასალის ატვირთვის ფაქტზე მოზარდი უკვე დააკავა. შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემაზე მწვავე განცხადებების გაკეთებისგან, რადგან დაკავებული არასრულწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები