პროკურატურა კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს

დავით კეზერაშვილის მიმართ ე.წ. სპირტის კონტრაბანდის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება, – ამის შესახებ პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა განაცხადა. ჯერანაშვილი დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო კეზერაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს შეცვლის.
“სასამართლომ დღეს გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი. ბრალდების მხარე არ ელოდა აღნიშნულ განაჩენს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ დღესაც მიგვაჩნია, რომ ერთადერთი სწორი, ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება რაც მოსამართლეს უნდა მიეღო, იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ცხადია, სააპელაციო წესით აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და დარწმუნებული ვართ, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ე.წ. სპირტის კონტრაბანდის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ კეზერაშვილის მიერ როგორც ქრთამის აღებას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობის საბაჟო წესების დარღვევით მოძრავი ნივთის გადატანს, საიდანაც კეზერაშვილს მიღებული აქვს უკანონო შემოსავალი 13 მილიონი ლარის სახით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გაამართლა. კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად. ამასთან, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ ცნო კეზერაშვილის სიძე მეირ ჯანაშვილი. ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.
რაც შეეხება დავით კეზერაშვილზე საქართველოში აღძრულ საქმეებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი, კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი – ტელეკომპანია “იმედის” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები