მოსასმენი აპარატურის დაკარგვის გამოძიებაზე გიორგი ბადაშვილი განცხადებას 30 მაისს გააკეთებს

პორტატულ მოსასმენ აპარატურასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ და სხვა საკითხებზე დეტალურად 30 მაისს ისაუბრებს, როდესაც მთავარ პროკურატურაში ღონისძიებები გაიმართება.
გიორგი ბადაშვილი თბილისის პროკურატურას პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის კვირეულის ფარგლებში ესტუმრა. ბადაშვილს თბილისის პროკურორმა პროკურატურის შენობა დაათვალიერებინა და პროკურატურის თანამშრომელი კარგი მუშაობისთვის დააჯილდოვა.
„მაისის ბოლო კვირაში პროკურატურის კვირეული აღინიშნება. ამის ფარგლებში გავხსენით განახლებული გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურატურის შენობა, რომელიც აღჭურვილია იმ ტექნიკითა და საშუალებებით, რაც პროკურატურის თანამშრომლებს მისცემს საშუალებას, ეფექტურად წარმართონ თავისი საქმიანობა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით თბილისის პროკურატურაში, სადაც დავაჯილდოვეთ და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით პროკურატურის თანამშრომლოებს წარჩინებული მუშაობისთვის. პროკურატურა მზად არის, იდგეს სამართლიანობის სადარაჯოზე”, – განაცხადა ბადაშვილმა.
რამდენიმე კვირის წინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ე.წ. მოდულის შენობიდან მოსასმენი აპარატურა გაიტანეს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები