ირაკლი კოვზანაძე: „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის პრობლემა ამოწურულია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის სამართლებრივი დავა შეწყვეტილიყო.
მისი თქმით, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, „თიბისი“ ჯარიმას გადაიხდის.
„ამას მოჰყვა, ასევე ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი განცხადება, სადაც გამოყოფილია ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ მხარეები. ეროვნული ბანკი აღიარებს „თიბისი ბანკის” კაპიტალიზაციის მაღალ დონეს, ლიკვიდურ აქტივებს და ა.შ. ასევე, „თიბისი ბანკმა” უნდა გააძლიეროს ჯანსაღი კორპორაციული მართვა, სამეთვალყურეო საბჭოში დამატებით შეიყვანოს დამოუკიდებელი დირექტორები, უნდა გადაიხადოს ჯარიმა და სხვა. ამავე დროს, ეროვნული ბანკის მხრიდან აღიარებულია „თიბისი ბანკის“ უამრავი პლუსი. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან „თიბისი ბანკი“ ჩვენი საფინანსო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის” ერთობლივი განცხადება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ ერთად უნდა იმუშაონ“, – განაცხადა კოვზანაძემ.
შეკითხვაზე, ამოიწურება თუ არა ეს საკითხი „თიბისი ბანკის“ მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მისი წარმოდგენით, ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის პრობლემა დახურულია. ანალიტიკოს მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, რატომ სწავლობს ეროვნული ბანკი კონკრეტულ ტრანზაქციას და რაში იკვეთება ფულის გათეთრება, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი სწავლობს იმ ტრანზაქციას, რომელზეც ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია და მის მიერ გაკეთებულ განმარტებებში, ინტერესთა კონფლიქტის გარდა, სხვა რამეზე საუბარი არ არის, ხოლო რაც შეეხება ფულის გათეთრებას, ეს ნაწილი პროკურატურასთან დაკავშირებით არის და პროკურატურა ცალკე მუშაობს.
„მე ზედამხედველობას ვაკეთებ ეროვნულ ბანკზე და ვკითხულობ მის დოკუმენტებს, ვკითხულობ იმ ერთობლივ წერილს და განმარტებებს, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს. პროკურატურა ცალკე უწყებაა, მე მის უფლებებში ვერ ვერევი, არ ვერევი და ეს არის ცალკე თემა, რომელზეც შეიძლება, კითხვები არსებობდეს, მაგრამ ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციის მიღმაა. ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც, სიმართლე გითხრათ, მაქვს ის ინფორმაცია, რასაც პროკურატურა პრესკონფერენციებზე აცხადებს“, – განაცხადა კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერი აჟიოტაჟი, მათ შორის, პოლიტიკური, „თიბისი ბანკის” განვითარებას არ ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები