მაია ცქიტიშვილი: “ფიტჩის” შეფასება ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა არის სწორი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას ეხმაურება.
მინისტრის განცხადებით, მსგავსი ავტორიტეტული კომპანიების შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინვესტორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები სწორი და ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნისკენ არის მიმართული.
„ასეთი წარმატებული შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა არის სწორი და მომავალზე ორიენტირებული. „ფიტჩმა“ შეაფასა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომელიც საქართველოში ხორციელდება. დაწყებული პროექტები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც სათანადოდ იქნა დანახული და შეფასებული სარეიტინგო სააგენტოს მიერ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები