სოზარ სუბარს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინაცია დაევალა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარს დაევალა. მთავრობის განკარგულებით, სწორედ ის უხელმძღვანელებს სამთავრობო კომისიას, რომელიც 2018 წლის 30 იანვარს შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ დღემდე კომისიის ხელმძღვანელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იყო. მას ახლა კომისიის შემადგენლობაში წევრის სტატუსი ექნება.
სამთავრობო კომისიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო რწმუნებულები სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში.
მთავრობის ამავე განკარგულებით, დამტკიცდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაც.