თეა წულუკიანი: ვფიქრობ, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას, ჩემი მხრიდან ავტორთან საკითხის განხილვა სჭირდება
ვფიქრობ, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის კვოტით დანიშნული ხუთი წევრის გამოწვევაზე, ჩემი მხრიდან სჭირდება ავტორთან საკითხის განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
შესაბამისი კომენტარი თეა წულუკიანმა ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივის თაობაზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრჯერ, 2013-2014 წლებში, მოგვიანებით ვენეციის კომისიამ ყველას შეგვახსენა მართლმსაჯულების ფუძემდებლური პრინციპი: როდესაც მოსამართლე გაამართლებს ბრალდებულს, ეს არის მოსამართლის გადასაწყვეტი, რადგან მოსამართლე არის დამოუკიდებელი და არ შეიძლება ამის გამო მოსამართლის კრიტიკა ან მაგალითად მთავარი პროკურატურის გადაყენება. რაკი ჩვენი არჩევანი არის ევროპული სტანდარტების სამართლებრივი სახელმწიფო, მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი. მათი გადაწყვეტილებები, მოსამართლეების შერჩევის ნაწილში, ბრალდებულის ციხეში გაშვებისა თუ არგაშვების ნაწილში, მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება, ეს არის ჩვენი პირადი განწყობები, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოვინდომოთ მოსამართლის განადგურება. ადრეც მითქვამს, რომ ლევან მურუსიძის გამუდმივება არ მომწონს, მაგრამ ჩემი პირადი განწყობა არ მაძლევს უფლებას, რომ მაგალითად ვისურვო, ბატონი მურუსიძე აღარ არსებობდეს, რადგან ეს არ არის ჩემი განსახილველი საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.