ვალერიან გორგილაძე: ეს არის პრეცედენტი, როდესაც იუსტიციის სამინისტროს მოსახლეობის განწყობები აინტერესებს
„ეს არის პრეცედენტი, როდესაც იუსტიციის სამინისტროს მოსახლეობის განწყობები და უკუკავშირი აინტერესებს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ანალიტიკოსი კვლევის შედეგებს დადებითად აფასებს. „ეს არის პრეცედენტი, პირველი და ერთადერთი კვლევა, რომელიც გვაქვს და, რომლის მეშვეობითაც, ვიგებთ განწყობებს მოსახლეობაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, უშუალოდ, მონაცემებს: 41% მიიჩნევს, რომ სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა. 51 % დადებითად აფასებს იმას, რომ სასამართლო სისტემა და მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესოა ის, რომ, როდესაც რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, რას ასახელებენ პრიორიტეტად მთავრობისთვის, პირველ ყოვლისა, მათი მხოლოდ 2 % ასახელებს პრიორიტეტად სასამართლო სისტემას. ეს რას ნიშნავს – თუკი ეს მიმართულება არ არის აქტუალური, ის არ წარმოადგენს პრობლემას იმიტომ, რომ ეს რომ ყოფილიყო პრობლემა (განსაკუთრებით ისეთი პრობლემა, როგორც ოპოზიცია გვიხატავს), არასამთავრობოებისა და მედიის ნაწილი და ა.შ,. მაშინ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს შორის აღმოჩნდებოდა სამეულში. რაკი არის მეთერთმეტე პოზიციაზე, ეს, ირიბად, მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოს მიმართ რაღაც ბაზისური აპოკალიპტური არც განწყობა და არც მოლოდინი არსებობს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად განსხვავდება არასამთავრობოების, პოლიტიკოსებისა და მედიის ნაწილის და მოსახლეობის შეფასებები და განწყობები“, – აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
შეგახსენებთ, რომ, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, კვლევა ჩატარდა, რის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა “IPSOS France”-მა და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბმა“ ჩაატარეს.