თეა წულუკიანი: მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სასამართლოს რეფორმამ მართლმსაჯულება სწორი გზით წაიყვანა
„სასამართლო სისტემის რეფორმის წყალობით, მოსახლეობის 51% ამბობს, რომ სასამართლოებს აქვს დამოუკიდებლობა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მისივე უწყების დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვლევის შედეგებმა სამი მთავარი პრობლემა აჩვენა, რასაც გამოკითხული მოქალაქეები ხარვეზად მიიჩნევენ.
„კვლევის მიხედვით, პირველი ხარვეზია ის, რომ სასამართლო არის ნელი. ასევე, სასამართლო არის, ძირითადად, საადვოკატო ხარჯებისა და, ხანდახან, ბაჟის გამოც, ძვირი სერვისი. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათი დასახლებული პუნქტებიდან სასამართლოები შედარებით შორს არის. ეს სამი პრობლემა არის, რეალურად, გამოკვეთილი.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სასამართლოში გატარებულმა რეფორმებმა მართლმსაჯულება სწორი გზით წაიყვანა. რაოდენობრივად, ყველაზე მეტი, ვინც ასე ფიქრობს, არიან ახალგაზრდები. ძალიან მიხარია, რომ სწორედ ახალგაზრდები ხედავენ ამას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კვლევისას, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გამოიკითხნენ. მათი 14% ფიქრობს, რომ სასამართლოში გატარებული რეფორმები მართლმსაჯულების გზაზე სწორად გადაგმული ნაბიჯებია.
„ჩემთვის, როგორც ევროსტრუქტურების ყოფილი ჩინოსნისა და იურისტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს სასამართლოებისადმი სანდოობის მაჩვენებელი – 51% – ახლოს არის ევროპულ მაჩვენებელთან, რომელიც 52%-ს შეადგენს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.