დავით ონოფრიშვილი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დავით ონოფრიშვილი დაინიშნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, დავით ონოფრიშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინეს და დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს.
როგორც კახა კახიშვილმა განაცხადა, დავით ონოფრიშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და მთავრობის წევრებთან მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სადაზღვევო სფეროში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებსაც სპეციალური მიდგომები სჭირდება, რათა მოქალაქეებმა სრულყოფილი სერვისი მიიღონ და ჩვენს ქვეყანაში სადაზღვევო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას შეეწყოს  ხელი.

სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე, ირაკლი კოვზანაძემ დავით ონოფრიშვილის გამოცდილებასა და მიღწევებზე ისაუბრა და მას დაკავებულ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს სადაზღვეო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას. ის ამ სფეროში, გარკვეულწილად, რეგულატორი და სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამსახური ზედამხედველობის ფუნქციას ასრულებდეს ისე, რომ ბაზარი რეალურად განვითარდეს და სადაზღვეო კომპანიები და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს”, –  განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ონოფრიშვილი ხუთი წლის ვადით დაინიშნა.
დავით ონოფრიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მან, ასევე, განათლება აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო – საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მიმართულებით. აქვს, ასევე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

დავით ონოფრიშვილის სამუშაო გამოცდილებებიდან აღსანიშნია, რომ ის, 1994-1995 წლებში, აშშ-ში ქალაქ ვაშინგტონის მსოფლიო ბანკის კონსულტანტი იყო. 1998-2000 წლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრად მუშაობდა; ასევე – იყო უშიშროების საბჭოს წევრი. ის იყო IV და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. 2004-2005 წლებში, შპს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად მუშაობდა. ასევე, იყო პარტია „ქართული ოცნების” კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. მიწვეული იყო ვაშინგტონისა და ვანდერბილთის უნივერსიტეტებში პროფესორად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები