“K2 კოეფიციენტის გაყიდვის სრული აკრძალვა მთლიანად შეესაბამება განახლებული გენგეგმის რეკომენდაციებს”

“სითი ინსტიტუტი საქართველო” მიესალმება იმ ფაქტს, რომ მერიის ახალმა მენეჯმენტმა სრულად გაითვალისწინა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის პირველივე, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი, ჯერ კიდევ 2016 წლის რეკომენდაცია, K2 კოეფიციენტის გაყიდვის მავნე პრაქტიკის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, მიუხედავად გენგეგმის ჯგუფის რეკომენდაციისა K2 კოეფიციენტის გაყიდვის სრულ აკრძალვაზე მთელი თბილისის ტერიტორიაზე, იმდროინდელი საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამგვარი შეზღუდვა მხოლოდ ცენტრალურ და შუალედურ ზონებში მოქმედებდა.
როგორც ორგანიზაციის დირექტორი, მამუკა სალუქვაძე “სითი კვირასთან” საუბრისას აცხადებს, მერიამ რადიკალური, თუმცა სრულიად მართებული ნაბიჯი გადადგა.
“რეგულაციის ამოქმედების შემდგომ, პრაქტიკულად, ყველა ის „საშუალება“ დაიკეტება, რომლითაც მაინც ხდებოდა, გარკვეულ შემთხვევებში, მშენებლობების მოცულობების გაზრდა – სრულიად გაუმართლებლად და ქალაქისთვის საზიანოდ. ის სატრანსპორტო, ეკოლოგიური, სოციალური, თუ სხვა სახის პრობლემები, რომლებიც ასე დამახასიათებელია დღევანდელი თბილისისათვის, მათ შორის, სწორედ „ყბადაღებული“ კოეფიციენტის ყიდვის მავნე პრაქტიკის შედეგია. ათასობით „კოეფიციენტნაყიდი“ შენობა ან აშენდა, ან ჯერ კიდევ ასაშენებელია, რაც, ბუნებრივია, ქალაქისთვის მეტად მძიმე ტვირთი იქნება. მერიის მიერ დაანონსებული რეგულაცია ამოქმედებისთანავე შევა ძალაში და ეს იქნება თბილისის სტაბილურად განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჯაჭვის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებული გენერალური გეგმის მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს”, – აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები